ახალი ამბები

მაიმუნის ყვავილის ვაქცინის შემქმნელი კომპანია წარმოების 24-საათიან რეჟიმზე გადადის

Bavarian Nordic-მა, ერთადერთმა კომპანიამ, რომელსაც მაიმუნის ყვავილის დამტკიცებული ვაქცინა აქვს, განაცხადა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 24-საათიანი წარმოებისთვის ემზადება.

მაიმუნის ყვავილის გამო, რომელიც სულ რამდენიმე თვეში 70-ზე მეტ ქვეყანაში 16 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ეს გაფრთხილების უმაღლესი ფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ეპიდემიასთან საბრძოლველად გლობალური რესურსების გაზრდას და პირველი ასეთი გადაწყვეტილებაა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ.

დანიურ ვაქცინების მწარმოებელს წლიურად 30 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია და ამჟამად მთავრობების შეკვეთებზე უარის თქმა არ უწევს. კომპანია უკვე მუშაობს გახანგრძლივებული სამუშაო გრაფიკით, თუმცა ღამის ცვლა და სხვა ცვლილებები წარმოებას კიდევ უფრო გაზრდის.

Bavarian-მა უფრო ადრე განაცხადა, რომ მის ვაქცინას, Imvanex-ს, უკვე აქვს უფლება ეტიკეტირებული იყოს, როგორც მაიმუნის ყვავილისა და ევროპაში ვაქცინიის ვირუსით გამოწვეული სხვა დაავადების ვაქცინა. კომპანიის აქციების ფასი კოპენჰაგენის ადრეულ ვაჭრობაში 10%-მდე გაიზარდა, ხოლო ეპიდემიის გაჩენის შემდეგ მთლიანი ზრდა 150%-ს აჭარბებს.

პიტერ ვერდულტის, Citigroup-ის ანალიტიკოსის შეფასების მიხედვით, Bavarian-ს ვაქცინისთვის წარმოების სიმძლავრის მინიმუმ 50%-ის დათმობა შეუძლია, ხოლო დოზაზე შესაძლოა, საშუალოდ $100 მიიღოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ვაინბერგი