ახალი ამბები

,,შატო ყირამალა” მსურველებს ლაგოდეხის დათვალიერებას ვერტმფრენით სთავაზობს

“შატო ყირამალა ლაგოდეხი” მსურველებს ლაგოდეხის დათვალიერებას ვერტმფრენით სთავაზობს.

დაწესებულება 2 წელია გაიხსნა და აეთიანებს სხვადასხვა სახის სივრცეს, მარანს, ეზოს და ბილიკებს. ცოტა ხნის წინ რესტორნის ტერიტორიას ასევე დაემატა კოტეჯები და საცურაო აუზი.

როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, გაფართოებისთვის 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და სესხი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ დაფინანსდა. ადგილზე 11 კოტეჯი მოეწყო, შედეგად კომპლექსს ჯამში 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

“ინვესტიციის მოცულობამ 0,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ადგილზე 11 კოტეჯია, ეზოთი, აუზით, ასევე აქამდე არსებული რესტორნით, მარნით, ვენახით, ტბითა და სათევზაო ზონით. ჯამში 45 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენთვის პირველი სეზონია და უკვე, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებელს ვუმასპინძლეთ. სეზონი ახლა იწყება და მოლოდინებიც დადებითი გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, კოტეჯის ღირებულება 140 ლარიდან იწყება”, – ამბობენ “შატო ყირამალა ლაგოდეხის” წარმომადგენლები.
დაწესებულებამ ტურისტებისთვის ახალი სერვისის შეთავაზება დაიწყო. ისინი მსურველებს ლაგოდეხის დათვალიერებას ვერტმფრენით სთავაზობენ.

,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მონახულება საფეხმავლო ბილიკებითა და საცხენოსნო ტურებით, ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის.
მაგრამ მხოლოდ ჩვენთან, ,,შატო ყირამალაში” დამსვენებლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ეწვიონ შავი კლდეების ტბას ვერტმფრენით.
ღრუბლებიდან დანახული კახეთის ჯადოსნური ტყე, ცად აზიდული კავკასიონი და უძირო-შავი კლდეების ტბა ის სანახაობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ”,-
აცხადებენ დაწესებულებაში.