ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნება
ლაგოდეხის რაიონში, კერძოდ, რაჭის უბანში 2 აგვისტოს ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნება.
საუბარია „მახაშვილების რანჩოზე“, რომელიც ადგილზე მისულ დამსვენებელს 5 ტურისტულ მარშრუტზე, ერთ, ორ და სამდღიან საცხენოსნო ტურს, კოტეჯში განთავსებას, ღია მარანში ღვინის დეგუსტაციას, აუზით სარგებლობას შესთავაზებს.
„მახაშვილების რანჩოს“ დამფუძნებელი გივი მახაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპისთვის ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება, პროექტის ჯამური ღირებულება კი 5 მლნ-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ობიექტი 1 ჰექტარს მოიცავს, თუმცა სამომავლოდ სრული ტერიტორიის – 6 ჰექტრის ათვისება იგეგმება.
„დამსვენებელს 2 აგვისტოდან ვუმასპინძლებთ. მომხმარებელს საცხენოსნო ტურებს, 6 კოტეჯში განთავსებას, აუზს, ჩვენი მარნიდან ღვინის დეგუსტაციას და აუზზე დასვენებას შევთავაზებთ. ადგილზე საჯირითო მოედანი გვაქვს, თუმცა მსურველს მთაში ჯირითიც შეუძლია. პირველი ნაწილისთვის ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. პროექტი სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში 5 მლნ-ია განსაზღვრული. მომავალ წელს უკვე მეორე ნაწილზე დავიწყებთ მუშაობას, პროექტი დასრულებულ სახეს კი სამ წელიწადში მიიღებს.
დამსვენებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას შევთავაზებთ. ობიექტს განსხვავებული კონცეფცია ექნება. ეს ოჯახური ბიზნესია – ადგილზე ყველაფერი მამაჩემმა ააშენა, შესაბამისად აქ მოსულ თითოეულ ადამიანს როგორც ოჯახის წევრს ისევ ვიღებთ“, – ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ დამფუძნებელი.
„მახაშვილების რანჩო“ 10 ადამიანს ასაქმებს.