კახეთში 17-კილომეტრიანი მაგისტრალის ასაშენებლად ₾295-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში, კახეთში ახალი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
294.7-მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს კახეთის ახალი მაგისტრალის რიგით მეოთხე მონაკვეთი იქნება. ამ მონაკვეთზე ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 17.35 მილიონი ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკუთარი წინადადებები 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ $80 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ლიკვიდური სახსრები.
საქართველოს მთავრობამ კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2021 წლის ზაფხულში წარადგინა და საგარეჯომდე 35.2-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის სამი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერები გასული წლის ბოლოს დასრულდა და მათში გამარჯვებულ ფირმებთან 537.8 მილიონი ლარის კონტრაქტები გაფორმდა.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში სულ 52.2 კილომეტრის ახალი მაგისტრალი აშენდება, რომლის მთლიანი ღირებულებაც 832.5 მილიონი ლარი იქნება.
კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე არსებული კონტრაქტები ასე ნაწილდება:
1) თბილისი-ვაზიანის შემოვლითი 3.7 კილომეტრის სიგრძის მშენებლობის ტენდერში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.
2) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
3) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.