კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კლინიკას ხარჯები არ აუნაზღაურდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
უწყების ცნობით, სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
მისი განმარტებით, ომიკრონის მიმდინარეობას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და დიარეა. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციებისა და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთ კვირაში, 10-17 ივლისის პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 764 პირი და გარდაიცვალა 7 ადამიანი.