საქართველოში შემოსული უკრაინელი დევნილები ოჯახზე 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოში შემოსული უკრაინელი დევნილები ოჯახზე 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – ამას მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის განკარგულება ითვალისწინებს. დადგენილების მიხედვით, ოჯახის წევრზე დამატებითი დახმარების გაცემაც მოხდება, რაც სულზე 45 ლარს შეადგენს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იცვლება უკრაინელი დევნილების დახმარების ფორმატი, თუკი აქამდე თბილისის მერია უკრაინიდან ემიგრირებული ოჯახების სასტუმროში დაბინავებას უზრუნველყოფდა, აგვისტოდან დახმარება ფულადი სახით უნდა გაიცეს.
“თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა – საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.
პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.
აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.