ლაგოდეხში თხილის სასაწყობე და საშრობი საწარმო მოეწყო
სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი კომპანია Agri Management Group-ი გაფართოვდა.
კომპანიამ კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში, თხილის სასაწყობე და საშრობი საწარმო მოაწყო, რაც Agri Management Group-ს დღეში 24 ტონა თხილის გაშრობის საშუალებას აძლევს. ამასთან, საწყობის ტევადობა 500 ტონას აღწევს. ეს რეგიონში Agri Management Group-ის რიგით მეორე ასეთი საწარმოა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში თხილის წარმოების კუთხით მთავარი გამოწვევა თხილის შრობაა. Agri Management Group-ის საწარმო კი ფერმერებს მომსახურების სრულ სპექტრს უწევს.
Agri Management Group-ის სასაწყობე და საშრობი ცენტრისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 1.5 მლნ ლარს მიაღწია. კომპანიამ პროექტი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბანკმა Agri Management Group-ს საწყისი ინვესტიცია, მათზე მორგებული პირობებით, სრულად დაუფინანსა.
“მსგავსი საწარმო ყვარელშიც გვაქვს. წარმატებული მაგალითიდან გამომდინარე, გაფართოება გადავწყვიტეთ, რაშიც ,,საქართველოს ბანკი” დაგვეხმარა და სასურველი ფინანსური ინსტრუმენტი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, საფინანსო სექტორის ასეთი ჩართულობა ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნია, რომ Agri Management Group-ი სასაწყობე და საშრობი ცენტრთან ერთად კახეთში, ორ ლოკაციაზე 120 ჰა ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს მართავს, რომლის მოსავლიანობა 10 ტონას შეადგენს.