ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პარტია დატოვა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ პარტია ,,ქართული ოცნება” დატოვა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიმართა.
ღამბაშიძე იმ ჯგუფს უერთდება, რომლებიც თვლიან რომ მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ, მოსახლეობას მეტ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. განცხადება საკრებულოს წევრმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
“ჩემს ,,ქართულ ოცნებაში” არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ”- წერს ღამბაშიძე.
დეპუტატი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს თავისუფლად ისაუბროს ასეთ თემებზე და გუნდისთვის უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ,,ქართულ ოცნებას” და საკრებულოში მოადგილის თანამდებობას ტოვებს.
“ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ,,ქართული ოცნების” გუნდს და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას. თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა. ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ”- ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით გიორგი ღამაბაშიძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და დააზუსტა, რომ ტოვებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას და რიგით წევრად რჩება.