ახალი ამბები

გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას მთავრობა ეროვნული თანხმობით, დაიშალოს ოლიგარქია – აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები

“სირცხვილიას” ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა სამოქალაქო მოძრაობის – “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წარადგინა.

როგორც მან თქვა, ხალხის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაიშალოს ოლიგარქია.

“ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას. ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა, პირობა – რაც გინდათ ის დაარქვით. ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს მანამ, ვიდრე ზამთარი მოვა.

ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი. ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად სუფევს საქართველოს ხსნა. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე “შინ ევროპისკენ”.