ახალი ამბები

ევროპაში კოვიდპანდემიის ახალი ტალღა იწყება

ევროპის ქვეყნებში კოვიდ 19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც ომიკრონის მაღალინფექციური სუბვარიანტითაა გამოწვეული.

ინფორმაციას CNN ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება დაავადების ახალი გლობალური ტალღის საფრთხეებს ქმნის. მიზეზებად იმუნიტეტის შესუსტება და მოგზაურობების სეზონის დაწყება სახელდება. დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) აცხადებს, რომ BA.4 -სა და BA.5-ს ვარიანტების ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ევროკავშირში დომინანტები გახდება და, სავარაუდოდ, შემთხვევების მკვეთრ ზრდამდე მიგვიყვანს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც პანდემიას აკვირდება, ინფექციის შემთხვევები იზრდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომიკრონის ქვევარიანტებს BA.4-სა და BA.5-ს აქვთ ზრდის მეტი შესაძლებლობა წინა ვარიანტებთან შედარებით და, როგოც ჩანს, ეფექტიანად უვლის გვერდს იმუნურ სისტემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც გადატანილი ინფექცია და არც ვაქცინები არ უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას ამ ქვევარიანტებისგან, ამიტომ ისინი დომინანტები ხდებიან. ECDC-ის შეფასებით, ომიკრონის ეს სახეობები არ იწვევს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, თუმცა შემთხვევების რაოდენობის ზრდა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდამდე აუცილებლად მიგვიყვანს.

საფრანგეთში მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ თვის დასაწყისიდან თითქმის გასამმაგდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი აპრილის შემდეგ პირველად ზრდას აჩვენებს. ამიტომ ქვეყნის ეპიდემიოლოგი ალენ ფიშერი გარკვეული შეზღუდვების დაბრუნებას ითხოვს.

„ეპიდემია ისევ აჩქარდა და ეს ამ სეზონზე სრულიად მოულოდნელია,“ – განაცხადა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, დოქტორმა ბენჟამინ დავიდომ.

„ომიკრონის ახალი ვარიანტებით (BA.4 და BA.5), რომლებიც 10-15%-ით უფრო გადამდებია, ეპიდემიამ ახალი ენერგია მოიპოვა,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ შეზღუდვების მოხსნამ -მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თვითმფრინავებში ნიღბების ტარების ვალდებულების გაუქმებამ, იმუნიტეტის შესუსტებასთან ერთად რეალური საფრთხეები შექმნა.

დავიდო და ჯანდაცვის სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ საფრანგეთის საავადმყოფოები ზაფხულში გადაიტვირთება, თუკი 60 წელს გადაცილებული ადამიანები რაც შეიძლება მალე არ მიიღებენ განმეორებით ვაქცინებს. ქვეყანაში ჰოსპიტალიზაცია უკვე იზრდება, თუმცა სპეციალისტებს არ აქვთ ახსნა, ესაა BA.5-ვარიანტის უფრო გადამდებლობის თუ იმის შედეგი, რომ მოსახლეობის იმუნიტეტი შესუსტდა.

პანდემიის ახალი ტალღის დაწყებაზე საუბრობენ დიდ ბრინატეთში, სადაც კოვიდით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 43%-ით გაიზარდა. ევროპის ქვეყნებს არც აშშ ჩამორჩება: ბოლო სტატისტიკით, BA.4 და BA.5 ვარიანტები კოვიდით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევის მიზეზია და როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ისინი უახლოეს მომავალში დომინანტური გახდება.