საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია – აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება ერთგვარი სტარტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ დაწყებული სვლისა,“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა