ახალი ამბები

30 წლიანი პაუზის შემდეგ ლაგოდეხში მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება განახლდება

30 წლიანი პაუზის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება განახლდება. ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით, მოსახლეობიდან მიღებული ფინანსური შემოწირულებებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 2 ადგილზე მეტეოსადგურები განთავსდება.

ლაგოდეხში, დღეს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

იდეის ავტორების თქმით, მეტეოსადგურების აღდგენა ხელს შეუწყობს როგორც ფერმერებს სამეურნეო საქმიანობის უკეთ დაგეგმვაში, ასევე დაეხმარება ტურიზმის სექტორს დაცულ ტერიტორიებზე ტურების ეფექტურად დაგეგმვაში, მეტეოსადგურებისგან მიღებულ ინფორმაციას კი გამოიყენებენ ეკოკლუბები და მკვლევრები, რომლებსაც ტემპერატურაზე, ქარის სიჩქარესა და ტენიანობაზე დაკვირვების და ანალიზის საშუალება ექნებათ.

იდეის ერთ-ერთი ინიციატორის, ადგილობრივი ახალგაზრდის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, თანხის შეგროვების კამპანია ორი თვის წინ დაიწყო.

მისი თმით, პროექტი ,,ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე, ორგანიზაცია Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი -ს 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ აღდგება მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვების 50 წლიანი ტრადიცია.

„ორი თვის წინ ლაგოდეხში მეტეოსადგურების აღდგენის მიზნით სახალხო კამპანია დავიწყეთ. იმის მიუხედავად, რომ თანხის შეგროვების ეს ფორმა ჩვენს კულტურაში ახალია, მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. კამპანიის მონაწილეები და შემომწირველები თანხას ,,ორბელიანი მეტი”-ს პლატფორმაზე რიცხავდნენ. ეს სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც თანადაფინანსებითა და სასწავლო რესურსებით მხარს უჭერს ამგვარ სამოქალაქო ინიციატივებს. კამპანია წარმატებით დასრულდა, შევაგროვეთ სამიზნე თანხაზე ორჯერ მეტი, რის გამოც ორგანიზაცია ,,ორბელიანმა” მეტეოსადგურებისთვის საჭირო თანხით სრულად დაგვაფინანსა. მხოლოდ ჩვენს მიერ სახალხო დაფინანსებით შეგროვილი თანხით, გარემოსდაცვით საკითხებზე ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შორის იდეების კონკურსი გამოვაცხადეთ,“- განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.

მისი თქმით, ერთ თვეში ლაგოდეხს უკვე ექნება ახალი მეტეოსადგური.

„გარდა იმისა, რომ ერთ თვეში ლაგოდეხს ახალი მეტეოსადგურები ექნება, ეს პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ ახალგაზრდები დამოუკიდებლად მოქმედებას სწავლობენ. დღეს ჩვენი საზოგადოება ყველაზე მეტად რასაც მოინაკლისებს, ეს ახალგაზრდების აქტიურობა და ინიციატივებია. ვცდილობთ ამ პროცესში მათი ჩართვით და მსგავსი კამპანიების თუ პროექტების მათთან ერთად დაგეგმვითა და განხორციელებით, ეს ტენდენცია შევცვალოთ,“ – განაცხადა გიორგიმ.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე 19 ივნისს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ალტე უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.