გამორთე რუსული! – საავტორო უფლებების ასოციაცია ახალ კამპანიას იწყებს
საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია უკრაინის მხარდასაჭერად ახალ სამოქალაქო კამპანიას “გამორთე რუსული” იწყებს. კამპანიის მიზანია, მოსახლეობამ რუსული მუსიკის მოსმენა შეამციროს.
დღეს უკრაინის რადამ მიიღო რადიო და ტელეეთერებში, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში რუსული მუსიკის ამკრძალავი კანონი.
“ვიწყებთ უკრაინის მხარდამჭერ ახალ კამპანიას. რუსული მუსიკა ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ჩვენ ქვეყანაში, რაც, ერთი მხრივ ხელს უწყობს რუსეთთან ყალბი ერთიანობის შეგრძნების გაღვივებას და მეორე მხრივ არის გავლენის მოპოვების, ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ მძლავრი იარაღი მტრის ხელში. მიგვაჩნია, რომ რუსული მუსიკის გამორთვა, და განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს მასზე უარის თქმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულებაა.
გთხოვთ, ჩაერთოთ კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანოთ რუსული გავლენის შემცირების მნიშვნელოვან საქმეში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც გაცნობებთ დამატებით,”- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.