ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარს არ უჭერს
ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.
საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, კომისიამ დაასახელა კონკრეტული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მომავალში ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველომ და მოლვდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები. ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს – დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება – საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსოექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს კი პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კომისიის რეკომენდაცია წარმოადგენს პროცედურულ წინაპირობას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მომავალ კვირას უნდა მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.