ახალი ამბები

საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების წესი იცვლება

“ქართულმა ოცნებამ” კანონპროეტი მოამზადა, რომლითაც საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროცესი წესრიგდება. კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალიწინებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ 2017 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა სტაჟირების საკითხი მოუწერიგებელი დატოვა.

კერძოდ, კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნება არ არის. საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური სამსახურებრივ სტაჟში არ ეთვლებათ, რის გამოც მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.

კანონპროექტით საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად მიღებისა და სტაჟირების გავლის წესები და პირობები განისაზღვრება. ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობა სამსახურეობრივ სტაჟად ჩაეთვლება.

“კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის პირველი ივლისიდან, რათა საჯარო დაწესებულებებმა დროულად შეძლონ სტაჟიორებთან ხელშეკრულებების დადება და დროულად მოხდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების იმპლემენტაცია. ამასთანავე, მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის პირველ ივლისამდე შესაბამის აპარატებში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის სტაჟად”,-წერია განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი იქნება. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები. ცვლილებით სტაჟიორად მიღებულ პირთა რაოდენობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის განსაზღვრება მიერ და არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 3%-ს.