ახალი ამბები

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი 1 აგვისტოდან გახდება

1 აგვისტოდან თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური 1 ლარი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სოციალურად დაუცველი პირები, მგზავრობის დროს, შეღავათებით ისარგებლებენ და 50 თეთრს გადაიხდიან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, მუნიციპალური ავტობუსები 8 სამარშუტო მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც მოიცავს ქალაქ თელავს და ახლომდებარე სოფლებს – კურდღელაურს, ვარდისუბანსა და შალაურს.

„ყველა სამარშუტო მიმართულება, რაც საკრებულომ სრული კონსენსუსით დაამტკიცა, განისაზღვრა ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა დარგის სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებასაც გავეცანით.

ბუნებრივია გავითვალისწინეთ სოციალური ფონი, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ეფექტურად და შეუფერხებლად გააგერძელოს ფუნქციონირება. შესაბამისად მგზავრობის ღირებულების 1 ლარით განსაზღვრა ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.