ომბუდსმენი- საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 1 წელში 28%-ით გაიზარდა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 1 წელში 28%-ით გაიზარდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება, რადგან ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მზარდია.
„წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია.
თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, – ამბობს ომბუდსმენი.
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.
„ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა.
ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული ამ და სხვა არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას“.
ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:
ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.