გაიცანით 16 წლის იაკობ სამუკაშვილი ახმეტიდან, რომელიც მომავლის პროფესიებს ეუფლება
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის იაკობ სამუკაშვილი უკვე კარგად ფლობს სხვადასხვა მიმართულების პროგრამებს, მათ შორის საწარმოო 3D მოდელირებას, გრაფიკულ დიზაინს, UI/UX დიზაინს და სხვა.
ახალგაზრდამ ბოლო პერიოდში დაასრულა Google UX დიზაინ კურსი ინგლისურ ენაზე, რომელიც საუკეთესოა ციფრული პროდუქტის დიზაინის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ამ სფეროს ასათვისებლად.
იაკობი ახმეტის ინოვაციების ცენტრის აქტიური წევრია, იგი ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, რომ გაიუმჯობესოს უნარები და შეისწავლოს ახალი ტექნოლოგიები.
ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების პარალელურად იაკობი ასევე ახმეტის ინოვაციების ცენტრში მისულ ახალგაზრდებს უზიარებს თავის გამოცდილებას და აძლევს იმ საბაზისო ცოდნას რაც საჭიროა შემდგომი სწავლის გასაგრძელებლად. იაკობი ცდილობს კიდევ მრავალ პროექტში და ტრენინგში მიიღოს მონაწილეობა STEM ცოდნის ასამაღლებლად.
,,ახალი ტექანოლოგიების მიმართულებით, ახმეტის ინოვაციების ცენტრში ჩატარდა 5 ტრენინგი, საიდანაც 3 გავიარე. ისინი ძირითადად ეხებოდა პროგრამირებას, საიტების აწყობას, ანიმაციების შექმნას,ჭკვიანი დაფით ელექტრული წრედების აწყობას და სხვა’’,- განუცხადა knews.ge-ს იაკობმა.
გარდა უნარების განვითარებისა და მომავლის პროფესიების სწავლისა, იაკობი მეგობრებს ეხმარება მათი ციფრული ნამუშევრების რეალობაში გადმოტანაში, საქარგავი დანადგარისა და 3D პრინტერის გამოყენებით.
,,ახმეტის ინოვაციების ცენტრში არის ბევრი საინტერესო ხელსაწყო, მათ შორის ჭკვიანი პროგრამირებადი დაფები (ARDUINO, CALLIOPE MINI), ელექტრული წრედების ასაწყობად საჭირო კომპონენტები და სენსორები. ეს ნივთები იძლევა უსაზღვრო შესაძლებლობებს, უმნიშვნელოვანესია სტარტაპისათვის ხელშეწყობა და ცენტრში მოსულ ადამიანებს შეუძლიათ თავისი იდეა პროტოტიპად აქციონ. ყველაზე ძალიან მომეწონა ARDUINO”.
პროექტის „ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით (STEM) უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში, რომელიც ახმეტის ინოვაციების ცენტრის მიერ განხორციელდა, 140-მდე ახალგაზრდამ ჰიბრიდულ რეჟიმში 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბთან ერთად ახალი ტექნოლოგიების პროფესიების ბაზისები და შექმნეს მინი პროექტები – CorelDraw-ს, Front end დეველოპმენტის, სოციალური მედია და Copywriting-ის, ანიმაცია და პროგრამირების და Arduino-ს მიმართულებებით.
იაკობი აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა ტრენინგებზე მიღებული ცოდნით შექმნილი სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობა პროექტის დასკვნით შეხვედრაზე გამოფენაზეც წარმოადგინეს.
,,პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ მაგალითად ჭკვიანი განათება სენსორების საშუალებით. ახმეტის ინოვაციების ცენტრში გვაქვს ასევე არაერთი მოწყობილობა, მაგალითად სენსორებიანი დაფები და სხვა ნივთები ჭკვიანი წრედების ასაწყობად და სხვა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის რომ მიიღოს ცოდნა ამ მიმართულებით. გვქონდა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი რამდენიმე ნამუშევარი მათ შორის საქარგავი დანადგარით შექმნილი ნამუშევრები, Arduino-თი აწყობილი წრედები, ასევე 3D პრინტერით შექმნილი მოდელები, რომელიც ჩემს მიერ არის გაკეთებული’’,-განაცხადა იაკობ სამუკაშვილმა.