ახალი ამბები

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 17.5% იმყოფება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 17.5% იმყოფება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3% შეადგინა.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.

ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით – 0.36-დან – 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.

2021 წელს მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.