თელავის მერიამ ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება.
,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 2 968 123 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ასევე, მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე, გააადვილებს აღნიშნულ არეალში თავმოყრილ სავაჭრო, სამედიცინო და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამჟამინდელი საპროექტო არეალის მიმდებარედ, ბიზნესის ხელშემწყობის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განახორციელა “ახალი ბიზნეს-კლასტერის ტერიტორიაზე არსებული გზის რეაბილიტაცია”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.