სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდარ მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მანამდე, ბრალდების მხარემ, მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და შესაბამისი დადგენილება, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს გააცნო. გამოძიება სოფელ აკურაში მცხოვრებ მამაკაცს, 21 მაისს ჩადენილ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება.
ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი პირი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, საკუთარი შვილიც.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის 3- ე ნაწილით მიმდინარეობს.