ახალი ამბები

მედია – დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება

დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური პირები ინფექციის შემთხვევების “მნიშვნელოვან ზრდას” მიმდინარე კვირაში ელიან. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) წარმომადგენლის, სუზან ჰოპკინსის ცნობით, ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინფიცირებულებს შორის ერთ მოვლენასთან “აშკარა კავშირი” არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის გარეთ იშვიათად არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ევროპაში 92 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ჩრ. ამერიკასა და ავსტრალიაში კიდევ 28 საეჭვო ინფექციაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეპიდემიის აფეთქება “შემაშფოთებელია”. ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს, ისრაელმა და შვეიცარიამ აღნიშნული ინფექციის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიამ, მას შემდეგ, რაც “მაიმუნის ყვავილის” 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, შემოიღო 21 – დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც ინფექციით არის დაავადებული.

ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს, ადამიანიდან ადამიანს შესაძლოა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით – მათ შორის, სქესობრივი კავშირის გზით გადაეცეს.