პენსიებს ისევ „ლიბერთი“ დაარიგებს
პენსიებს ისევ „ლიბერთი ბანკი“ დაარიგებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 11 მაისს გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო.
სახელმწიფო შესყიდვას ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი „ლიბერთი ბანკია“, საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებას სწორედ მასთან გააფორმებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარი იყო და ბანკის მიერ შეთავაზებული თანხაც 105 მილიონია.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში ბანკები ორი კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეირჩეს. პირველი კრიტერიუმი ეხება პენსიის დარიგების ღირებულებას და მისი ხვედრითი წონა 30%-ია, ხოლო მეორე კრიტერიუმი შეეხება საპროცენტო განაკვეთის ინდექსს და მისი წონა შეფასების დროს 70% იქნება. ირკვევა, რომ წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას – საუბარია 10.8 % +15 % = 25.6 %-ზე. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში 43.55%-დან 30.69%- მდე შემცირდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ დაუშვებელია „ბენეფიციარისათვის“ ისეთი დამატებითი ხარჯის დაკისრება, რომელიც შინაარსობრივად ფინანსურ ხარჯს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლიბერთი პენსიების დარიგებას 2004 წლიდან უზრუნველყოფს. ახალი ტენდერის პირობები ძალაში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან შევა და 2029 წლის 1–ელ იანვრამდე იქნება.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი იღებდა, მათგან 71.5% ქალია, 28.5% — კაცი. სოციალურ პაკეტს კი 178 ათასი ადამიანი იღებდა, რომელთაგან 34.7% ქალი იყო, 65.3% — კაცი. სოციალური შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა კი 174 ათასს შედეგადა.