მომხმარებლებს ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლება 14-დღე ექნებათ – კანონპროექტი
1 ივნისიდან ონლაინ შოპინგისას მომხმარებელს საშუალება ექნება ნივთის დაბრუნების 14-დღიანი წესით ისარგებლოს, იმის მიუხედავად ექნება თუ არა პროდუქტს რაიმე წუნი.
კანონპროექტის თანახმად, 14-დღიანი დაბრუნების წესი არ იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებსა და სხვა მაღაზიებზე და შეეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას, ყველა ტიპის ონლაინ მაღაზიას, მათაც ვისაც სოციალურ ქსელებში, მაგალითად Instagram-ზე, facebook-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე გამოწერის გვერდები აქვთ და სტატუსით მეწარმეები არ არიან. ამასთან, დაბრუნების წესი არ გავრცელდება მალფუჭებად, მოკლე ვადიან და ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქციაზე.
კანონი გავრცელდება ტექნიკის მაღაზიებზეც და თუ მომხმარებელმა ნივთის შეძენიდან 6 თვის ვადაში რაიმე წუნი აღმოაჩინა, მაღაზია ვალდებული იქნება პროდუქტი დაიბრუნოს და თავად დაამტკიცოს, ჰქონდა თუ არა პრობლემა გასაყიდ ნივთს.
მომხმარებლებს შეეძლებათ, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტს მიმართონ. თუ მოვაჭრის მხრიდან გამოვლინდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტი, პირველ ეტაპზე მოვაჭრე მიიღებს გაფრთხილებას, რაც უნდა გამოასწოროს და მომხმარებელს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმდება გასული ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ით.
“კანონი მოიცავს უფლებების და ვალდებულებების დარეგულირებას მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ შესაბამის დეპარტამენტს, ასევე საჩივრის მიღებასა და მისი განხილვის წესს, ამასთან ბიზნესთან და მომხმარებლებთან ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია, იმისათვის რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს თავისი უფლებები და ასევე მოვაჭრეებმაც”,- განუცხადა “ბიზნეს ფორმულას” კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
ახალი კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა, თუმცა აღსრულებას კონკურენციის სააგენტო 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.