სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაში 7 195 პირი ჩაერთო
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ საზოგადოებრივ სამუშაოებს ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, მას საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობა უწყვეტად უნარჩუნდება.
„პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და მაისის დასაწყისის მდგომარეობით, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრისას დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება.