მაშველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარის ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
მაშველებმა მდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” – ში შემოსული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურსაში, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც მდინარის ადიდების გამო ვერ ახერხებდა მეორე ნაპირზე გადასვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე, თოკების საშუალებით, უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.