„სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასტუმრო ამოქმედდა
„ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში, 30 სტუმარზე გათვლილი სასტუმრო ამოქმედდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, ახალი სასტუმრო სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორთან, გიორგი ციმინტიასთან ერთად მოინახულა.
„30 სტუმარზე გათვლილი სასტუმროს კომპლექსი 10 ხის კოტეჯს მოიცავს. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170 000 ლარს შეადგენს, ბენეფიციარის წილი კი, 50 000 ლარზე მეტია. ახალ სასტუმროში 17 ადამიანი დასაქმდა“, – თორნიკე კაპანაძემ.
UNDP-ის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორის, გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში სოფლის განვითარებას უჭერს მხარს. მხარდაჭერის ერთ-ერთი ნაწილია საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში, ადგილობრივი არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის, 9 მლნ-ზე მეტი ლარის საგრანტო დაფინანსებაა გათვალისწინებული.
„პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 58 პროექტი. ინვესტიციის ჯამური ღირებულება 8.7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 6 მილიონ ლარზე მეტია.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.