ახალი ამბები

პრემიერმა ევროკავშირის ელჩს კითხვარის მეორე ნაწილიც გადასცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მეორე ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს გადასცა.

“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტიანად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით 3 მარტს მიმართა. 11 აპრილს კი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.