პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების დაკავების ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს
პოლიციელების მხრიდან ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.
თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ვანთაში მცხოვრები ორი პირის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე, უსაფუძვლობის გამო, შეწყდა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ლომარ ნუსხელიძესა და დავით ღარიბაშვილს, ადმინისტრაციული გადაცდომა არ ჩაუდენიათ. ადვოკატ ბადურ გულიაშვილის განმარტებით, საქმე შეწყვეტილია, ხოლო პოლიციელების მხრიდან, მისი მარწმუნებლების ცემის ფაქტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.
“საქმე შეწყდა, რადგან ადმინისტრაციული გადაცდომა ახალგაზრდებს არ ჩაუდენიათ და უკანონოდ იყვნენ დაკავებულები. პოლიციელების მხრიდან მათზე განხორცილებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს. იყვნენ ჩამოსულები, ესაუბრნენ ჩემს მარწმუნებლეს, ექსპერტიზა ჩატარებულია, რადგან ფიზიკური დაზიანებები სახისა და სხეულის არეში, აშკარაა”- განაცხადა გულიაშვილმა.
ახალგაზრდების დაკავების ფაქტზე, საქმე ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 6 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, შალვა შოშიაშვილის და გელა ხატიაშვილმა, ორი ახლაგაზრდა დააკავეს. დაკავებულების მტკიცებით, მათ პოლიციელებს ფოტოების გადაღებაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც ორივე, სოფელ წინანდლის სასაფლაოზე წაიყვანეს და სცემეს.
ამის შემდეგ, ორივე დაკავებული, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა, ლომარ ნუსხელიძე, შეუძლოდ ყოფნის გამო, იზოლატორმა არ მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო, რომელიც პოლიციელების მოქმედების კანონიერების საკითხს შეისწავლის.