ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი
ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა, ფიზიკური შენახვის ნაცვლად, „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი.
კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. მოქმედი კანონი ე.წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას ითვალისწინებს, რაც მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას მოითხოვს.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს მომხმარებლისთვის გარკვეულ დაბრკოლებებს იწვევს, რადგან შენახული ნომრის აღება პირს მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლია, რომელშიც მან ნომერი ჩააბარა. ამასთან, ნომრის მოძებნა დროში ჭიანურდება და ხშირად შენახული ნომრის დაზიანებაც ხდება.
კანონის პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება ნომრის შენახვა არა ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად“. კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, მომხმარებელი შესძლებს, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მცირე დროში დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი. ამავე ცვლილებებით, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს შვიდი თვის ნაცვლად, ერთ წლამდე ვადით შეინახავს. პროექტით, აღნიშნული მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება – 25 ლარით.
პროექტის ინიციატორები დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური არიან.