ახალი ამბები

სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მოსწავლეებზე, რომლთაც კომპიუტერებსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, განათლების სამინისტრო არ ფლობს სრულ და სანდო ინფორმაციას იმ მოსწავლეების რაოდენობაზე, რომლებსაც კომპიუტერებსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა 42%-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენინგმოდულში არ აქვს გადამზადება გავლილი, რაც რისკებს წარმოქნის დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისთვის.

“დისტანციური სწავლების პირობებში, მოსწავლეებისთვის სათანადო რესურსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყნის მასშტაბით არიან მოსწავლეები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამინისტრო არ ფლობს სრულ და სანდო ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობაზე.

დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე. სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები განისაზღვროს.

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.