უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირების საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებებია
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ ჩაითვლება და მასზე არგაძევების პრინციპი არ გავრცელდება, თუ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უარი ეთქვა.
ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადაცია და საქართველოდან გაძევება დასაშვები იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. იმავე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების, ასევე, საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც.
ამასთან, კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. ასევე, ზუსტდება საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი – საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს გასაუბრება უტარდება.
კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული. როგორც ინიციატორების განმარტავენ, საჭიროა საკითხის ახლებური რეგლამენტაცია, რადგან არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა და გარკვეული სიმულაციების პრაქტიკა.