ახალი ამბები

საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად წარადგინეს.

როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ ასოციაცია განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შედარებით ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებისათვის; თავისი წევრებისათვის საინფორმაციო და საკანონმდებლო ბაზის შექმნა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;. საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი არის ბაკურ ხუნდაძე, ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ხოდელი და ირმა პატარაია; ხოლო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ვანო მთვრალაშვილი.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულების ხელშეწყობისა და სრულყოფის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემდეგ ორგანიზაციებთან: „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ და „თეგეტა გრინ პლანეტ“. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის ერთიანი სტანდარტისა და მიდგომების დასანერგად, ერთობლივად იზრუნონ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების მოწყობასა და წინადადებების შემუშავებაზე; ითანამშრომლონ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვაში ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაციის გასავლელად, რათა განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციები.