მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება მოხდება
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელი ასევე მოეწერა საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტის განხორციელების მიზნით.
“აღნიშნული ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც 3.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყოფილი იქნება სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტის სახით.
აღნიშნული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს, განხორციელდეს საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად, სწავლის პირობების გაუმჯობესება (რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და/ან რეკონსტრუქციას), მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და სხვა სოციალური ღონისძიებები.
პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი. მრავალმხრივი რეაბილიტაცია მოიტანს ბევრ სარგებელს, როგორიცაა: სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაუმჯობესებული ცხოვრებისა და კომფორტის დონე. ის ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვასა და მის ეფექტურ გამოყენებას, კომუნალური ხარჯებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, გაიზრდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგრადობა სეისმური აქტივობების მიმართ, გაუმჯობესდება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.
პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დონორთა ფართო წარმომადგენლობა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველი მდივანი, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეთელი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსული ესბენ ემბორგი, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საულიუს ვალაინისი, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
ქართული მხრიდან ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.