ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა

მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება 2 ეტაპად მოუწევთ, რაც პრაქტიკული მართვის გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას გულისხმობს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღეიდან, “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე.

„ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებს. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტია შემუშავებული, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.