მსოფლიო ბანკი-სურსათზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ისტორიულად მაღალი სასაქონლო ფასები, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკით, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, საწარმოო პროცესების დროებით შეჩერებით და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდითაა განპირობებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ენერგორესურსების ფასების ზრდის ტენდენცია 1973 წლის კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
მნიშვნელოვნად იზრდება საკვები პროდუქტებისა და სურსათის ფასებიც, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთი და უკრაინა საკვები პროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან, ბუნებრივი აირის გაძვირება კი სასუქის ფასების ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე აისახება.