10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შემოტანაზე პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნეს
საკონსტიტუციო სასამართლომ 10 გრამამდე (9.68 გრ.) გამომშრალი მარიხუანის ქვეყანაში შემოტანისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.
გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა იყო არაპროპორციული სასჯელი და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ წესს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი გამომშრალი მარიხუანის ოდენობები (6.4 გრამი, 6.7 გრამი და 9.68 გრამი) აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს”, – წერია სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.