NDI-მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.
კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ 16 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა).
მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრო-რუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის. ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.