NDI – მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.
NDI-ს ინფორმაციიდ თანახმად, უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„საგულისხმოა ისიც, რომ 16 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა). მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრო-რუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის. ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ.
საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა (67 პროცენტი) და პუტინის (11 პროცენტი) ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის (98 პროცენტი), ასევე უკრაინის მთავრობის (87 პროცენტი) მიმართ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ომზე საპასუხო ქმედებებს დადებითად მოსახლეობის 63 პროცენტი აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებებს – 46 პროცენტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული.
კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების – სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა – მოგვარებისკენ მიმართონ“, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა ნატოსთან მიმართებაშიც.
„მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ ნატოში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი).
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ“, -ნათქვამია ინფორმაციაში.