სუპერმარკეტების შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, FMCG სექტორის ზრდა, ინფლაციის დონის შემცირების ფონზე, მომავალში შედარებით დასტაბილურდება.
მოკლევადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია სურსათი და საკვები პროდუქტების ფასების ზრდა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაც რუსეთზე, უკრაინასა და ბელორუსზეა დამოკიდებული.
სწრაფადბრუნვადი პროდუქციის ბაზრის უდიდესი ნაწილი ისევ არაორგანიზებულია, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, ორგანიზებული ბაზრის წილმა საქართველოში რეკორდულ 31%-ს მიაღწია.
გასულ წელს ორგანიზებული ბაზრის შემოსავლები 31%-ით, 3.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – შემოსავლების 85% შვიდ მსხვილ რითელ კომპანიაზე ნაწილდება. 2021 წელს დაფიქსირებული ზრდის მამოძრავებელ ძირითად ფაქტორად ანალიტიკოსები ახალი ფილიალების გახსნას ასახელებენ.
2021 წლის ბოლოს, FMCG ბაზარი 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი, 2021 წლის განმავლობაში, 25%-ით გაიზარდა, რამაც მაღაზიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო სავაჭრო ფართის შემცირება გამოიწვია.