კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო
კახეთის მიმართულებით ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები დაიწყო თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე.
უწყების ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული გზა
კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
,,თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს”,-აცხადებენ სამინისტროში.