ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში 740 მლნ–ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგვიანებით შესრულდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტებში 740 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაპირველად განსაზღვრულ პერიოდზე მნიშვნელოვანი დაგვიანებით შესრულდა.

„უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. კერძოდ, აღნიშნული საფუძვლით შეცვლილია 3616 ხელშეკრულებიდან 2547 ხელშეკრულების (70%) პირობები, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაში, ჯამში − 7,321.8 ათასი ლარია გადახდილი.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების შედეგად, 740,335.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად განსაზღვრულ პერიოდზე მნიშვნელოვანი დაგვიანებით.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზანშეწონილია დასრულდეს სასწავლო წლის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო და სააღმზრდელო საქმიანობა მთელი წლის განმავლობაში ვერ დაიწყოს.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ პროექტებში განხორციელებული ხშირი ცვლილებების შედეგად, 202 ხელშეკრულების ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღებიდან სასწავლო წლის დასაწყისისათვის ვერ დასრულდა − 117, ხოლო საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაფორმებული 531 ხელშეკრულებიდან, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ვერ დასრულდა 114 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გამოვლენილი გარემოება ადასტურებს, რომ აღნიშნული დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილში სასწავლო პროცესი დაგეგმილ პერიოდში ვერ დაიწყო“, – წერია აუდიტორულ დასკვნაში.