ახალი ამბები

1 ტონა საქონლისა და ღორის გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა

გაყინული ხორცის იმპორტიორები ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. გლობალურ ბაზრებზე ფასმა ამ მიმართულებით საშუალოდ 30-50%-ის ფარგლებში მოიმატა. ბოლო თვენახევარში 1 ტონა გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა.

კომპანია ,,დუ“–ს დამფუძნებელი, იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ენერგომატარებლების მაღალი ხარჯი ტვირთად დააწვა წარმოებას, რასაც ემატება გაძვირებული ლოგისტიკა.

,,ტენდენცია პანდემიურ პერიოდში დაიწყო და უკრაინაში მიმდინარე ომმა ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ფასზე ნეგატიურად მოქმედებს. საწვავი კატასტროფულად ძვირი ღირს და როგორც წარმოების, ასევე ლოგისტიკის ხარჯზეც ახდენს გავლენას. შედარებით დაბალფასიანი ხორცის ფასი 50%-ით არის გაზრდილი, ზოგზეც 20%-იანი ზრდაა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ბრაზილიაა. უმეტესწილად ინდუსტრიული წარმოების ხორცი შემოდის. ამ ეტაპზე 1 ტონა გაყინული საქონლის ხორცის ფასი 2800 დოლარია, ღორის ხორცის შმთხვევაში ეს მაჩვენებელი 2500 დოლარს შეადგენს, როცა რამდენიმე თვის წინ 1900 დოლარი ღირდა. უკრაინა ხორცის დიდი მწარმეობელი იყო, ეს მიმართულება ბაზარს დააკლდება და მოგვიწევს მაღალ ფასებში შესყიდვა, რაც ქართველ მომხმარებელს ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაურთულებს. ჩვენ საქართველოში ლარის გაუფასურების გამო ისედაც გვიჭირს მუშაობა და ახლა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. არსებული ფასი ვერანაირად ვერ შენარჩუნდება“, – ამბობს ,,კომერსანტთან“ გოგიჩაიშვილი.

იმპორტიორის თქმით, გაყინული ხორცის ძირითადი მომხმარებელი ტურისტული ინდუსტრია იყო და დარგში შექმნილი პრობლემა რეალიზაციაზეც ცუდად აისახება.

,,დღეის მდგომარეობით, მართალია, გადაზიდვებში დაბრკოლება არ არის და იმპორტი ჩვეულებრივ ხორციელდება, მაგრამ ბაზარზე მყიდველის პრობლემაა. მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად არის შემცირებული. მოლოდინიც გაურკვეველია, რა იქნება ხვალ, არავინ იცის, არაპროზგნოზირებადია სიტუაცია. მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისზეა ლაპარაკი და ფასებიც სულ მაღლა იწევს, ამ პროცესს ჯერჯერობით ვერაფერს ვუპირისპირებთ“, – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.

ხორცის ბაზარი შედარებით დაბალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტითა (52%) და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით ხასიათდება. საქართველოსთვის ხორცის იმპორტის კუთხით მთავარი პარტნიორი ქვეყნებია ბრაზილია, უკრაინა და თურქეთი. გაყინული ხორცის იმპორტით ბრაზილია ლიდერობს, ახალი ხორცით ვაჭრობის ბაზარზე კი – უკრაინა და თურქეთი.

არსებული ინფორმაციით, ხორცის ბაზარი უმეტესწილად იმპორტზეა დამოკიდებული. უკანასკნელად ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტს 2008 წელს გადააჭარბა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ხორცის წარმოების მასშტაბები თითქმის განახევრდა და 83 ათასი ტონიდან (2006) 42 ათას ტონამდე (2012) შემცირდა.

2013 წლის შემდეგ ხორცის ადგილობრივ წარმოებაში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა იგი კვლავინდებურად ჩამოუვარდება 2006 წლის ნიშნულს და დაახლოებით 70 ათასი ტონის ფარგლებშია.