ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარმოადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი სანქციების მეხუთე პაკეტი მოიცავს: რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ევროკავშირის პორტებში რუსული ხომალდების შესვლის აკრძალვას. სრულ აკრძალვას ტრანზაქციებზე, რომელიც 4 რუსულ ბანკს, მათ შორის VTB-ს შეეხება.
„ომის ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ კვლავ უნდა გავზარდოთ ზეწოლა პუტინზე, სწორედ ამიტომ ჩვენ გამოვედით წინადადებით კიდევ უფრო მეტად გაგვემკაცრებინა სანქციები. ეს არის სანქციების მეხუთე პაკეტი. პირველ რიგში, ჩვენ ავკრძალეთ ქვანახშირის იმპორტი რუსეთიდან, რაც შეადგენს 4 მილიარდ ევროს წელიწადში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ პირდაპირ დავადეთ სანქცია წიაღისეულ საწვავის იმპორტს რუსეთიდან, რაც შემოსავლის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა რუსეთისთვის.
მხარი დავუჭირეთ სრულ აკრძალვას ტრანზაქციებზე 4 რუსული ბანკიდან, მათ შორის „ვითიბი“ ბანკიდან. ავკრძალეთ რუსული ხომალდების შესვლა ევროკავშირის პორტებში. დამატებით შეთავაზებულია რუსულ და ბელარუსულ საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორებზე აკრძალვის დაწესება. სანქციები, ასევე მიემართება ექსპორტის აკრძალვაზე ისეთი სფეროების შესაფერხებლად როგორიც არის კომპიუტერული და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები. ასევე, 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტების იმპორტი აიკრძალება რუსეთიდან. ევროპელი გადასახადების გადამხედელბის ფული არ უნდა მიდიოდეს რუსეთში არც ერთი ფორმით“,– განაცხადა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.
მისივე განცხადებით, ეს არ იქნება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,
„დიახ, ჩვენ ავკრძალეთ ქვანახშირის იმპორტი, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მივხედოთ ნავთობს და უნდა შევხედოთ იმ მოგებას, რომელსაც რუსეთი იღებს ნავთობისგან. ჩვენ უნდა შევზღუდოთ შემოსავლის ეს წყარო რუსეთისთვის და ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ“,- განაცხადა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.
ამასთანავე, ცნობილია, რომ ევროკომისიის ლიდერი კიევში ვიზიტს მიმდინარე კვირის ბოლოს აპირებს.