წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს და ნერგავს წყლის სააუზო მართვის სისტემას.
პროექტის თანხმად, ჩვენი ქვეყნა დაიყოფა მდინარეების აუზებად და სწორედ, ამ აუზების ფარგლებში, მსხვილი მდინარეები და მათი შენაკადებისათვის მომზადდება შესაბამისი სააუზო მართვის გეგმები.
მისი თქმით, აღნიშნული მართვის სისტემა საშუალებას იძლევა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მდინარის წყლის ეკოლოგიური სტატუსი და ასევე, შეგროვდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წყლის რაოდენობის შესახებ.
კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ აღდგება წყლის გამოყენების სანებართვო სისტემა, რომელიც საქართველოში 2008 წლამდე არსებობდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაფართოვდება წყლის რესურსების, როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ, მაჩვენებლებზე სახელმწიფო მონიტორინგი.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ გარემოს დაცვის სფეროში აიღო.