ახალი ამბები

ტურისტული სექტორი მთავრობისგან საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ს შემცირებას ითხოვს

ტურისტული სექტორი ხელისუფლებისგან საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ს შემცირებას ან გადავადებას ითხოვს.

ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა პალიტრანიუსის „დილის პალიტრის“ ეთერში განცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის აღდგენის ტემპის დაჩქარებას.

„ჩვენ, ტურიზმის სექტორი და ტუროპერატორები ვითხოვთ და მივმართავთ მთავრობას, რომ განიხილონ დღგ-სა და საშემოსავლოს კუთხით გადასახადების შემცირება გარკვეულ ეტაპზე მაინც. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ სწრაფად დავიწყოთ განვითარება და სწრაფად შევძლოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა.

ჩვენ ამ ეტაპზე ბევრი რამ გვჭირდება, მათ შორის, თანხები მარკეტინგის მიმართულებითაც, უფრო კონკრეტულად, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. არავის ეგონოს, რომ ჩვენ უბრალოდ ვზივართ და ტურისტები თავისით შემოდიან.

პირიქით, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და იქ ხდება კომუნიკაცია პოტენციურ ტურისტებთან და შესაბამისად, მათი მოზიდვაც. როგორც უკვე გითხარით, ამ ყველაფერისთვის ჩვენ დამატებითი თანხები გვჭირდება“.- აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისთვის უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწეროს. ტურიზმის სექტორში ამ ფაქტს დადებითად ხვდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ საჭიროა დამატებითი შეღავათი გადასახადებთან დაკავშირებით.