„თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს
„თბილღვინომ“, ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.
„თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურა მარგველაშვილი, აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც.
,,ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას. უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა , მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთში და ზოგადად, რეგიონში რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნა, რაც რეპუტაციულ რისკთან ერთად, ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.
კომპანიის სტრატეგია დღეს, ისევე როგორც წარსულში, აგებულია ბაზრების დივერსიფიცირებაზე, მაღალხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქტის წარმოებაზე, ქართული ღვინის და „თბილღვინოს“ პოპულარიზებაზე.
„თბილღვინოს“ მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქართულ ღვინოს იცნობდნენ და აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. დღეისთვის, „თბილღვინო“ ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერია. მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მიუხედავად ამისა ვაპირებთ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, გავზარდოთ გაყიდვები არსებულ და ახალ ბაზრებზე, ასევე მოვნახოთ ალტერნატიული ლოგისტიკური არხები როგორც ექსპორტისთვის, ისე იმპორტისთვის”,- აცხადებს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი გაგა მარგველაშვილი.
“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.
bm.ge-ს ინფორმაციით, “თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.
„თბილღვინოს“ ვენახების ფართობი 405 ჰექტარს შეადგენს. ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამურად, თბილისში და კახეთის რეგიონში, „თბილღვინოში“ 500-მდე ადამიანი მუშაობს.