კახეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც მეუღლის გაუპატიურება, ცემა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მას ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება.
დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-137 – მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11′-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11′-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.