ახალი ამბები

რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთის მუნიციპალიტეტებს

სტიქიამ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები, ელექტროსადენები დაგლიჯა და შენობებს სახურავები გადახადა. სპეციალურად შექმნილი კომისიები დილიდან ზარალს ითვლიან.

ძლიერმა ქარმა თელავს და მუნიციპალიტეტის სოფლებს გარკვეული ზიანი მიაყენა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაგლეჯილია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები და დაზიანებულია რამდენიმე ათეული შენობის სახურავი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის ოთხი სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

,,ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. თელავში, ქარმა კავკასიონის ქუჩასა და ალაზნის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, ასევე მეცხე ბაგა-ბაღის სახურავის ნაწილს სახურავი გადახადა, სახურავის ნაწილი გადახდილი აქვს კურდღელაურის საჯარო სკოლას და სოფელ წინანდალში საცხოვრებელ სახლს, მშვიდობის ქუჩაზე მოგლეჯილია ხეები. ქარმა ხეები მოგლიჯა რუისპირში, აკურაში, ვარდისუბანსა და გულგულაშიც, რამაც სოფლების ცენტრალურ გზებზე გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
ზარალის დამთვლელი კომისიის სამუშაო ჯგუფები დილიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად და შექმნილი სურათის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოგლეჯილი ხეებისგან გზის გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე მოხერხდა, აბონენტების ნაწილს კი შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას,, ტექნიკური სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა”,- აცხადებს ანდრიაშვილი.

სტიქიამ ასევე კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სანაპიროს ქუჩაზე მრავლწლიანი ნაძვის ხე მოგლიჯა, რომელიც ორ ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტი დენის გარეშე იყო დარჩენილი.

სტიქიამ დააზარალა სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიც. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ქარმა პრობლემები სოფელ ილიაწმინდასა და მაღაროში შექმნა.

,,ქარმა რამდენიმე სახლი, ღობე და მაღაროს სკოლის სპორტული დარბაზის სახურავი დააზიანა. შექმნილი მდგომარეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა ადგილზე მოინახულა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გარკვეულ სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გადახადა.

,,ქარმა პრობლემები შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და მოგლეჯილია ხეები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი ადგილზე გაეცნო ვითარებას და სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები მოინახულა”,– აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.