რომელ გზაზე მოქმედებს კახეთში გადაადგილების სპეციალური რეჟიმი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, კახეთში, ორი გზის გარკვეულ მონაკვეთზე, გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
თოვლის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ30–კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.